წესები და პირობები
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს იურიდიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტს, რომლითაც განისაზღვრება ა(ა)იპ საქართველოს მაგიდის ფეხბურთის ასოციაციის მიერ ორგანიზებული ტურნირ(ებ)ის ჩატარებისა და მასში მონაწილეობის მიღების წესები და პირობები.
შესავალი:
ა(ა)იპ საქართველოს მაგიდის ფეხბურთის ასოციაციის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც ასოციაცია) მიერ ორგანიზებული თითოეული ტურნირი წარმოადგენს სპორტულ ან/და სამოყვარულო შეჯიბრებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მაგიდის ფეხბურთის პოპულარიზაციას და აღნიშნული დისციპლინის სპორტად ჩამოყალიბების პროცესის ფორსირებას (შემდგომში მოხსენიებულია, როგორც ტურნირი).
თითოეულს ტურნირს ყავს მხარდამჭერი, იგივე სპონსორი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მაგიდის ფეხბურთის ასოციაციის პარტნიორს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც სპონსორი). სწორედ სპონსორი უზრუნველყოფს ტურნირში გამოვლენილი გამარჯვებული წყვილების დაჯილდოვებას ფულადი ან/და კონკრეტული ტურნირისთვის წინასწარ დაანონსებული პრიზებით.
ტურნირის ჩატარების ვადები, მონაწილეთა რაოდენობა, პრიზები და ტურნირის სხვა პირობები განისაზღვრება აღნიშნულ ტურნირთან დაკავშირებით ასოციაციის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში განთავსებული ინფორმაციის შესაბამისად;
ტურნირში მონაწილეთა რაოდენობა შეიძლება განისაზღვროს 16-დან (თექვსმეტიდან) 64 (სამოცდაოთხ) წყვილამდე. ამასთან, სატურნირო დღის ლიმიტის ამოწურვის შემთხვევაში, ტურნირში მონაწილეობის მსურველ წყვილს საშუალება აქვს შევსებული ლიმიტის მიუხედავად დარეგისტრირდეს, როგორც სარეზერვო გუნდი. სარეზერვო გუნდი ტურნირში მონაწილეობას მიიღებს იმ შემთხვევაში, თუკი ტურნირის ლიმიტის ფარგლებში რეგისტრირებული რომელიმე გუნდი მიიღებს დისკვალიფიკაციას.
ტურნირზე რეგისტრირებული წყვილები განთავსდებიან სატურნირო ცხრილში შემთხვევითობის პრინციპით ან სატურნირი ქულების მიხედვით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). შესაბამისად, საქართველოს მაგიდის ფეხბურთის ასოციაცია მონაწილეობას არ იღებს მონაწილეთა დაწყვილების პროცესში.
ტურნირ(ებ)ი ტარდება გამოვარდნის პრინციპით: თითოეულ შეხვედრაში დამარცხებული წყვილი ტოვებს ტურნირს, გამარჯვებული წყვილი კი გადადის შემდეგ ეტაპზე. შესაბამისად, გამარჯვებულად გამოცხადდება ის წყვილი, რომელიც მოიგებს ტურნირის მასშტაბით ჩატარებულ ყველა მატჩს.
ტურნირის თითოეული მატჩი ჩატარდება საერთაშორისოდ აღიარებული წესების შესაბამისად (რომლეთა შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ასოციაციის ვებგვრდზე).
ტურნირში მონაწილეობის პირობები:
ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერი ორი ადამიანისგან შემდგარ გუნდს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც წყვილი), რომლის თითოეული წევრი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სრულწლოვანების ასაკს მიღწეულ პირს (+18).
ტურნირში მონაწილეობისათვის აუცილებელია მონაწილეობის მსურველმა წყვილმა გაიაროს შესაბამისი წინასწარი რეგისტრაცია საქართველოს მაგიდის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით (www.tfageorgia.com). ამასთან, რეგისტრაციის გავლით წყვილი ეთანხმება ვებ-გვერდზე განთავსებულ წესებს და პირობებს.
ტურნირში მონაწილეობის მიღების მსურველი წყვილი ვალდებულია რეგისტრაციის დროს წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:
-
წყვილში შემავალი ორივე პიროვნების სახელი და გვარი (პირადობის მოწმობაში მითითებული სახით);
-
წყვილის ორივე წევრის მოქმედი ელ.ფოსტის მისამრთი;
-
წყვილის ორივე წევრის მოქმედი ტელეფონის ნომერი;
რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში, წყვილის ერთ-ერთი წევრი ელ.ფოსტის მეშვეობით მიიღებს შეტყობინებას რეგისტრაციის პროცესის წარმატებით დასრულების თაობაზე.
ტურნირზე რეგისტრაციის შემთხვევაში, წყვილი ვალდებულია ტურნირის დაწყებამდე 10 (ათი) წუთით ადრე გამოცხადდეს ტურნირის ჩატარების ადგილზე (რომლის შესახებ ინფორმაციაც განთავსებული იქნება ასოციაციის ვებ-გვერდსა და სოციალური ქსელის გვერდზე) და ასოციაციის უფლებამოსილ წარმომადგენელთან დაადასტუროს ტურნირზე გამოცხადების ფაქტი. გამოცხადების ფაქტის დადასტურების შემდგომ წყვილი მიიღებს ზეპირ ინსტრუქციას მის მიერ ჩასატარებელ მატჩებთან დაკავშირებით.
დისკვალიფიკაციის პირობები:
ტურნირიდან წყვილის დისკვალიფიკაციის საფუძველს წარმოადგენს:
-
სატურნირო დღეს დათქმულ ადგილზე და დათქმულ დროს გამოუცხადებლობა ან/და დაგვიანებით გამოცხადება;
-
რეგისტრაციის პროცესში მცდარი ინფორმაციის მიწოდების ფაქტის გამოვლენა;
-
ტურნირზე გამოცხადება არაფხიზელ მდგომარეობაში;
-
არასპორტული საქციელი;
-
ტურნირის ორგანიზატორის, სპონსორის, ტურნირის მასპინძელი დაწესებულების, მოწინააღმდეგე გუნდის, ტურნირზე დამსწრე გულშემატკივრებისა თუ სხვა პირთა მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულება (მათ შორის და არამხოლოდ, შეურაცხყოფა (როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი), აგრესიული დამოკიდებულება, ზიანის მიყენება (როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი).
ტურნირიდან წყვილის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, მისი მოწინააღმდეგე წყვილი ავტომატურად გადადის ტურნირის შემდეგ ეტაპზე.
განცხადებები, გარანტიები, ასოციაციისა და სპონსორის უფლებები:
ტურნირზე რეგისტრაციით წყვილი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ რეგისტრაციის პროცესში წარდგენილი ინფორმაცია არის სწორი და წყვილის თითოეული წევრი არის სრულწლოვანი (+18).
ამასთან, ასოციაცია უფლებამოსილილია შეინახოს და დაამუშავოს წყვილის მიერ რეგისტრაციის პროცესში წარდგენილი მონაცემები (მათ შორის პერსონალური მონაცემები). მონაცემების შენახვისა და დამუშავების მიზანს წარმოადგენს მონაწილეთათვის მომავალში ჩასატარებელი ტურნირების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; მაგიდის ფეხბურთით დაინტერესებული პირების მონაცემთა ბაზის შექმნა; მონაწილეთათვის სარეიტინგო ქულის მინიჭების სტატისტიკის წარმოება.
ასოციაცია უფლებამოსილია მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ან/და ფეისბუქ გვერდზე (https://www.facebook.com/TFAG2023) გამოაქვეყნოს მონაწილე წყვილის სახელი და გვარი (სხვა პერსონალური მონაცემების გამოქვეყნების გარეშე).
ასოციაცია და სპონსორი უფლებამოსილნი არიან მარკეტინგული მიზნებისთვის გამოიყენონ ტურნირის მსვლელობისას შექმნილი ფოტო და ვიდეო მასალა და აღნიშნული მასალის გამოყენებისათვის მონაწილეთა დამატებითი თანხმობა საჭირო არ არის. არცერთი მონაწილე არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს წილი ზემოაღნიშნული ფოტო და ვიდეო მასალის გამოყენებით მიღებული პირდაპირი თუ არაპირდაპირი შემოსავლიდან (ესეთის არსებობის შემთხვევაში). შესაბამისად, ყველა სახის საავტორო და მომიჯნავე უფლება ტურნირის მასშტაბით შექმნილ ფოტო და ვიდეო მასალაზე ეკუთვნის ასოციაციას და აღნიშნულთან მიმართებაში მონაწილეებს არანაირი პრეტენზია არ წარმოეშობა.
ტურნირზე რეგისტრაციით თითოეული მონაწილე გამოხატავს თანხმობას მასზედ, რომ ასოციაციის ან/და სპონსორის მოთხოვნის შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს ფოტო და ვიდეო მასალის შექმნაში, პრომო რგოლებისა თუ სიუჟეტების გადაღებაში.